თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ყველაზე ხშირად 70 წელს გადაცილებული პაციენტები იღუპებიან, განაცხადა ტელეარხ Palitra-ს ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, მისი სიტყვებით, ყველაზე ხშირად ინფექციით 30-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები ავადდებიან.
„რაც შეეხება ბავშვებში გავრცელებას, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გავრცელების მაჩვენებელი არის 4% მთელი ამ შემთხვევების. ბავშვებში მოიმატა შემთხვევების გავრცელებამ, მაგრამ, საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი მაინც არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის. თავიდან იყო გარკვეული შიში ამ შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა შედარებით დასტაბილურდა ეს ამბავი“, – განაცხადა გაბუნიამ.
ინფიცირების მაჩვენებელი 70 წელს გადაცილებულ პაციენტებში ამჟამად 4%-ს შეადგენს.
„ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსავალი არის ძალიან რთული, დიდი ნაწილი სიკვდილიანობის მოდის სწორედ მაღალი ასაკის პირებზე. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანიც ახლა ის არის, რომ ვაქცინაციის აქცენტი მეტად გადავიტანოთ ხანდაზმული ასაკის პირებზე, რათა მათი ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობა შემცირდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში დაფიქსირდა ორი დოზით აცრილთა გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა. გაბუნიას თქმით, გარდაცვალება გამოწვეული იყო მძიმე თანმდევი დაავადებებით კორონავირუსით გამოწვეული გართულებების ფონზე.
„კლინიკაში მოხვედრილი პირების 97% არავაქცინირებული იყო, რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა 1%-ზე ნაკლებს... ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არის ძალიან ეფექტური ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. გამორიცხული არაფერი არ არის, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ ექნება, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ორჯერ ვაქცინირებული პირი დაინფიცირდა“, – ხაზი გაუსვა გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1.210.746 აცრა ჩატარდა. აქედან ერთი დოზით 802.083 ადამიანი აიცრა. ეს ზრდასრული მოსახლეობის 28,1%-ია. ორივე დოზით აცრილია 408.663 პირი – ზრდასრული მოსახლეობის 14,3%.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 553 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 497 ათასი, გარდაიცვალა 7.482 მოქალაქე.