თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ნატოს, ევროკავშირისა და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნების სიმბოლიკების შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სასჯელს დაექვემდებარება, შესაბამისი კანონპროექტი თითქმის ყველა საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა.
სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იგეგმება, როცა ქვეყნის პარლამენტი აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
ცვლილებების თანახმად, ნატოს, ევროპული საბჭოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოების შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ ქვეყნების ეროვნული სიმბოლოების შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებების გარე ან შიდა პერიმეტრზე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის ინიციატორად თავდაპირველად პარლამენტის სპიკერი კახა კუჭავა გამოვიდა, შემდეგ კი იდეას ოპოზიციონერმა ლიდერებმაც დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარტნიორების სიმბოლოების ეფექტური დაცვის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ტრადიციული ღირებულებების დამცველებმა“ 5-6 ივლისს თბილისში ორჯერ ჩამოხსნეს და დახიეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, მათ შორის ის, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.