თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება, რაზეც რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციისა, ჯერ ძალიან შორს ვართ ეპიდსიტუაციის სერიოზულად გაუმჯობესებისგან.
„ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: პირველი – ერთი თვის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურია აცრების რაოდენობა, მეორე – არის დაწესებული კოვიდ-შეზღუდვები და მესამე დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ ციკლთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 553 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა – 7.482 (ბოლო 24 საათში – 74).
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 1 სექტემბრის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.210.746 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 408.663 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,3%. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.