„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი“: ვნებათაღელვა ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ახალი სესხის აღების აუცილებლობა აღარ დგას.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის საგარეო ვალის შემცირების მიზნით უარი თქვას ევროკავშირისგან მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ნაწილზე – 75 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

,,მთავრობამ აღნიშნული სესხი 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს აიღო, ამ სესხიდან ნახევარი გასულ წელს გადმოირიცხა, მეორე ნახევრის გადმორიცხვის საკითხი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე... ამ საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულირების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ სესხის აღებისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაში უკვე არაერთი რეფორმა განახორციელა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.
საქართველომ შეიძლება უარი თქვას ევროკავშირისგან სესხის მიღებაზე
ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე.
საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა 75 მლნ ევროს ოდენობით მაკროეკონომიკური დახმარების მიღების პირობები. საქართველო ამ დახმარებას იმ შემთხვევაშიც ვერ მიიღებდა, მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება რომც არ ყოფილიყო მიღებული, განაცხადა ბრიფინგზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა.
როგორც მან აღნიშნა, კრედიტის მიღების პირობების შესრულების კუთხით მთავარი პრეტენზიები უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას, რაც იყო დაფიქსირებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა.
სკანდალი ევროკრედიტის არ/ვერ მიღებასთან დაკავშირებით: ევროკავშირის წარმომადგენლობის ვერსია
2021 წლის ივლისის დასაწყისში კი ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანკომ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას შესაძლოა საფრთხე შეექმნა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ნაწილის გადმორიცხვისთვის.

„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 12 ივლისს მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ექვს მოსამართლეობის კანდიდატს, რამაც დასავლელი პარტნიორების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. კანდიდატების მოსმენა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების ფონზე მიმდინარეობდა – შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
საქართველოს ვალი ევროკავშირის წინაშე ამჟამად 133 მილიონი ევროა. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 9,9%-ს მიაღწია და მთავრობამ ამ საბაბით უარი თქვა დახმარების მეორე ნაწილზე.