ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი უმოკლესი გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, პროექტი 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
51-კილომეტრიანი გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური–ონის გზას. ეს წერტილი ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით.

„აღნიშნული გზა უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ამ რეგიონების დამაკავშირებელი, არამედ რაჭისთვის და ლეჩხუმისთვის იმ დიდი პოტენციალის გამოსაყენებლად, რომელიც მათ გააჩნიათ. კიდევ უფრო უსაფრთხო, კიდევ უფრო დაჩქარებული კავშირი, კიდევ უფრო მეტი ტურისტი, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ამ რეგიონებისთვის, რათა შეიქმნას დამატებითი დოვლათი და კიდევ უფრო განვითარდეს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამჟამად ერთდროულად ხუთ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. პირველ ორ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, გაყვანილია 10 კმ სიგრძის გზა.
პროექტი შვიდ მონაკვეთად არის დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. პროექტის მიხედვით, გზა მთლიანად ასფალტ-ბეტონის საფარით დაიგება.
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე: მინისტრის ანგარიში
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ამჟამად საჩხერე–ონის მარშრუტის (111 კმ) გავლას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, ახალი გზა კი ამ დროს ერთი საათით შეამცირებს.
სამინისტროს ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა ახალ გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და ექვსი საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 111,2 მლნ ლარს შეადგენს.