ქართულმა დრამამ „უარყოფითი რიცხვები“ იტალიაში ორი ჯილდო მიიღო

ესაა ისტორია ცხოვრებაზე ციხეში, რაგბიზე, ქართველ ახალგაზრდებსა და სინდისზე. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ მოვლენებს ეყრდნობა.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. რეჟისორ უტა ბერიას ფილმმა „უარყოფითი რიცხვები“ იტალიაში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე Nòt Film Fest ორი ჯილდო მიიღო.
Nòt Film Fest 2017 წელს დაარსდა. ფესტივალი ღია ცის ქვეშ კრებს როგორც კინოს გამოცდილ „ვეტერანებს“, ისე მოყვარულებს. იტალიის კულტურის სამინისტრომ უკვე აღნიშნა ფესტივალის კულტურული მნიშვნელობა.
„უარყოფითმა რიცხვებმა“ ფესტივალის ორი მთავარი პრიზი მიიღო ნომინაციებში „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო რეჟისორი“.
ფილმ „უარყოფითი რიცხვების" სიუჟეტი, რომელიც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films-მა გადაიღო, რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ის საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტზე მოგვითხრობს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულების მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის რაგბიში მეცადინეობები დაინიშნა.
ფილმის გმირები გადარჩენისთვის იბრძვიან – ისინი ცხოვრობენ გარემოში, სადაც სიკეთე და თანაგრძნობა სისუსტედ მიიჩნევა. მთავარ გმირ ნიკას არჩევანის გაკეთება მოუწევს ციხის ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.
უტა ბერიას „უარყოფითმა რიცხვებმა" ხორვატიაში პრიზი მიიღო
ფილმის გადაღებები ავჭალის ყოფილი №10 საპყრობილის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
ფილმი უკვე აჩვენეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ფესტივალებზე საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, კანის ფესტივალზე Market Screening-ის სექციაში და სხვა ფესტივალებზე.