თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. პენიტენციურ სისტემაში 96 კოვიდ-ინფიცირებული მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 56 პაციენტი კლინიკა „ვივა მედში“ მკურნალობს, ხოლო 40 პაციენტი ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ აქტიური შემთხვევები ძირითადად ე.წ. მიმღებ დაწესებულებებში, საკარანტინო სივრცეებში გამოვლინდა და ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკი უკვე აღკვეთილია.
„მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია. ამისთვის მინდა ვთხოვო როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმრების მკურნალობის პროცესი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა დაამატა, რომ პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების 80%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს კიდევ უფრო ამცირებს.
მანამდე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამჟამად ერთჯერადად ვაქცინირებულია პატიმრების 66%, ორჯერ კი 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, გაბუნიას განცხადებით, ეს პროცესი აპრილის ბოლოდან დაიწყო და თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთჯერადად ვაქცინირებული, 62%-მდე კი ორჯერ ვაქცინირებული. მისი თქმით, ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა პენიტენციურ სისტემაში არის „საკმაოდ დაბალი“.
გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა, რადგან, მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში მძიმე სიტუაციაა – ციხეებში კორონავირუსის აფეთქებაა, მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინფიცირებულია.
17 აგვისტოს მონაცემებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება.