მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა: როგორია დაშავებული მთამსვლელების მდგომარეობა?

დაშავებულები პოლონეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ყაზბეგში მაშველებმა ყინულის ზვავში მოყოლილი ხუთი ტურისტი ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მყინვარწვერზე ყინულის ფერდი იმ ადგილზე ჩამოიშალა, სადაც უცხოელი ტურისტები ოფიციალური ნებართვით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად მთამსვლელები ზვავმა მოიყოლა.
ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ზვავიდან ორი ტურისტი უვნებლად ამოიყვანეს, სამი კი სხვადასხვა სახის მოტეხილობით ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ზვავი ზღვის დონიდან დაახლოებით 4.700 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა. იქ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სამი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა ყაზბეგის სამაშველო გუნდის წევრმა მარჩინ ბუენისკიმ.
დაშავებულები პოლონეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. ამ დროისთვის არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.