თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.
კვალიფიკაციის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ მიში (Mies) გაიმართა.
მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ კვალიფიკაციაში მონაწილეობს 32 ნაკრები, რომელიც დაყოფილია რვა ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია. მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურებს 12 ევროპული ნაკრები მოიპოვებს.
პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით (ექვსი საშინაო და გასვლითი მატჩი) საგზურების პრეტენდენტებს შორის თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი ნაკრები დარჩება. შემდეგ ისინი გაერთიანდებიან „ექვსეულებში“ ჯვარედინი ჯგუფების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ექვს-ექვს თამაშს ჩაატარებენ - მაგრამ მხოლოდ იმ გუნდებთან, რომლებსაც პირველ რაუნდში არ შეხვედრილან. G ჯგუფის შემთხვევაში ესაა კვარტეტი Н, რომელშიც გამოდიან რუსეთი, ნიდერლანდები, იტალია და ისლანდია.
მეორე შესარჩევი ეტაპის ცხრილში გათვალისწინებულია პირველი ეტაპის ყველა შედეგები. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებს 12 ნაკრები - სამ-სამი თითოეული ექვსეულიდან.
შესარჩევი ტურნირი 15 თვეს გაგრძელდება - 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.