თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. რთველის პერიოდში ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდები ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მიზნით კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად უკვე შეარჩიეს. ღვინის საწარმოებში დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება თვეში 900 ლარამდე იქნება.
შერჩეულ ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაოს გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს.