COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: დღევანდელი შემთხვევების 15 პროცენტი 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს, აქედან დაახლოებით 400-500 ბავშვია.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევების 15% 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, 20% – კი 19 წლამდე ახალგაზრდები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შემოდგომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„მსოფლიო მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ესენია Pfizer და Moderna“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე კონკრეტული ჩვენებებით, ანუ სადაც არის განსაკუთრებული საფრთხე და თანმხლები დაავადებები.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ გადაწყდება საქართველოში ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი: ჩხაიძის განმარტება
„რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენც გვქონდა, თუ არ ვცდები, 12-დან 15 წლამდე 10-მდე ბავშვი ავცერით“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია.
ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს
ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.