თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგნოზს გადახედა და 7,5%-ის ნაცვლად 8,5%-ზე დაადგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკუთარი პროგნოზი და მოვლენების განვითარების სამი სცენარი წარმოადგინა – საბაზო, ოპტიმისტური და პესიმისტური.
სამივე სცენარი აღწერს საშუალოვადიან პერიოდს (3 წელი) და მოიცავს საბაზო და ალტერნატიულ რისკ-სცენარებს.
საბაზო სცენარი ასახავს ეკონომიკის მოსალოდნელ მდგომარეობას, რა დროსაც რისკ-ფაქტორები სწორი პოლიტიკითაა დაბალანსებული.
ამ სცენარის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ეტაპობრივად აღდგება, ხოლო კორონავირუსის მართვის მეთოდები და მოსახლეობის აქტიური ვაქცინაცია რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.
ამასთან, საბაზო სცენარი ითვალისწინებს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას და ტურისტული ნაკადის გაზრდას.
საბაზო სცენარის მიხედვით, ადგილობრივი მოთხოვნის გაზრდის ხარჯზე ეკონომიკის 8,5%-ით ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, 2021 წელს საგარეო მოთხოვნა და ტურისტული ნაკადები სუსტი იქნება და მისი აღდგენა მხოლოდ 2022 წლისთვის მოხდება.
რაც შეეხება ინფლაციის დონეს, საბაზო სცენარის მიხედვით, იგი პროგნოზირებულ 3%-ზე გაცილებით მეტი იქნება. ამასთან, უმუშევრობის დონე ერთი პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
ეროვნული ბანკი ინფლაციის მაღალ დონეს მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდით ხნის.
ინფლაციის ზრდის ფონზე საბაზო სცენარი ასევე პროგნოზირებს 0,5 პროცენტული პუნქტით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ განვითარების საბაზო სცენარი გაურკვევლობის ფაქტორის გამო ბოლომდე ზუსტი ვერ იქნება და დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების მასშტაბსა და მასობრივ ვაქცინაციაზე, ასევე მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებზე.
ოპტიმისტური სცენარით მოსალოდნელია მსოფლიო ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენა, რაც ყველა საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესებას გამოიწვევს, მათ შორის, უმუშევრობის შემცირებას და საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას.
რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, იგი დაფუძნებულია 2022 წლის პირველ ნახევრამდე საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასა და დიდ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის გართულებებზე.
პესიმისტური სცენარის მიხედვით, საქართველოს ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდება, მოთხოვნა შეთავაზებას გადააჭარბებს, რაც ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები კი უმუშევრობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ეროვნული ბანკი პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში არ გამორიცხავს დიდი ფინანსური დანაკარგების გამო რიგი კომპანიების დახურვას, რაც უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს და კომპანიების მხრიდან დავალიანებების გადახდას პრობლემებს შეუქმნის.