1 სექტემბრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უფასოდ გაიცემა

აქციით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აქცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. საფასურის გადახდისგან ის მოქალაქეები გათავისუფლდებიან, რომელთა პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.
საქართველოს პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა
საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეებიც, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.
აქციით ასევე ისარგებლებენ მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.