თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. კახეთში ვისაც სტიქიის შედეგად სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში გადავუხდით 3 ათას ლარს, ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო აღუდგენს დანაკარგს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4600 ჰექტარი ვენახი, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ.
„ჩემი დავალებით ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყო ჩასული იყო ადგილზე, ასევე ჩავიდა რეგიონების ხელმძღვანელი ადგილობრივ გუბერნატორთან ერთად. შეიქმნა ოპერატიული შტაბი. ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს პრობლემა ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში კი – 1 ლარს.
ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1.200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი უკვე გადაამუშავა. ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 300-მდე მევენახემ ჩააბარა.
სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღეს, 27 აგვისტოს კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სამ ლოკაციაზე დაიწყო. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება მევენახეებს 3 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებშია 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიული გადამუშავება. გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.