თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების ამნისტია – ასეთი ინიციატივით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე.
მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში მძიმე სიტუაციაა – ციხეებში კორონავირუსის აფეთქებაა, მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ინფიცირებულია.
„ციხეებში არის კოვიდაფეთქება, ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინი არიან ჩვენი ნაწილი და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე. იმ ინფრასტრუქტურის პირობებში, რაც დღეს საპატიმროებშია, ძალიან რთულია თუნდაც დისტანციის დაცვა. აქედან გამომდინარე, გამოვდივარ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალისწინებს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ გათავისუფლებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს მათ, ვინც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„დღეს დადგა დრო, რომ მათთვის ციხის კარი გავაღოთ და ამით შევამსუბუქოთ მდგომარეობა. განვტვირთოთ საპატიმროები და გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე. ეს პრაქტიკა გვაჩვენა ევროპის არაერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ბრიტანეთმა, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა. და ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 10%-ით შემცირდა პატიმართა რაოდენობა“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.
მანამდე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამჟამად ერთჯერადად ვაქცინირებულია პატიმრების 66%, ორჯერ კი 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, გაბუნიას განცხადებით, ეს პროცესი აპრილის ბოლოდან დაიწყო და თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთჯერადად ვაქცინირებული, 62%-მდე კი ორჯერ ვაქცინირებული. მისი თქმით, ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა პენიტენციურ სისტემაში არის „საკმაოდ დაბალი“.
17 აგვისტოს მონაცემებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება.