თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა უმრავლესობაზე სტუდენტთა შერჩევა წელს კოლეჯების მიერ იქნება ორგანიზებული და უმეტესად ონლაინ ფორმატში წარიმართება, ზოგიერთ პროგრამაზე კი შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, კოლეჯების მიერ ორგანიზებული სტუდენტთა შერჩეევა ონლაინ ფორმატში 23 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით ხორციელდება. რაც შეეხება ტესტირებას, ის 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ.
უწყების ცნობით, წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი უპრეცედენტოდ ბევრმა, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარმოადგინა. განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები სარგებლობს.
2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 100-ზე მეტი დასახელების პროგრამებზე მიიღებენ.
სამინისტროს განცხადებით, შემუშავებულია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო სასწავლო დაწესებულებაში.
2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დამსაქმებლებთან ერთად თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.