300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. 300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართები.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.