COVID-19 - ბოლო ცნობები

უნდა ელოდოს თუ არა საქართველო ახალ რეგულაციებს - გამყრელიძის პროგნოზი

ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას დააკვირდება და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა დამატებითი რეგულაციებია საჭირო, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რეგულაციების გარეშე ცხოვრება ვერ იქნება. გააჩნია, რა ზომის და როგორი რეგულაციები იქნება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაცია შეინიშნება და ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდი აღარ არის.
„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ დაწესებული შეზღუდვებით მობილობა დაეცა, მეორე – აღსრულება არის ბევრად უკეთესი და ასევე, მნიშვნელობა აქვს ვირუსის განვითარების ბუნებრივ ციკლს. მოგეხსენებათ, მას აქვს ტალღისებური ციკლი და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია ქვეყანაში აცრების ინტენსიფიკაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ის ასევე შეეხო კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობის მაღალ მაჩვენებელს, რომელიც, მისი თქმით, ახალი შემთხვევების პიკის გადავლის შემდეგ კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

„შემთხვევების რაოდენობა სტაბილიზირდება, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი სამწუხაროდ ჯერ დარჩება, რადგან საკმაოდ ბევრი მძიმე ავადმყოფია კლინიკებში, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში. ეს ასეა ყოველთვის, გარდაცვალების გარკვეული პიკი მოსდევს ხოლმე ახალი შემთხვევების პიკს დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში 1.637 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 4 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე მუშაობენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 543.118-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.251-ს მიაღწია.