თბილისი, 29 აგვისტო- Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა, აცნობა РИА Новости-ს პოლიციის განყოფილებაში არსებულმა წყარომ.
წყაროს ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი სარაკეტო დარტყმა გახდა.
ჯერჯერობით დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
იმის შესახებ, რომ ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის საფრთხე არსებობდა, ავღანეთში აშშ-ის საელჩომ დღეს დილით განაცხადა. დიპლომატიურმა მისიამ მოუწოდა აშშ-ის ყველა მოქალაქეს, რომელიც იმყოფებოდა ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის მის სამხრეთ შესასვლელთან, შინაგან საქმეთა ახალ სამინისტროსთან და აეროპორტის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეს ავტოგასამართ სადგურ „პანჯშერთან“ არსებულ შესასვლელთან, დაუყოვნებლივ დატოვონ რაიონი.
ამ დროისთვის აეროპორტს აკონტროლებს ამერიკის არმია, მიმდინარეობს აშშ-ის, მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქის, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაცია.
ხუთშაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ბომბი ააფეთქა. შედეგად დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო და 200-მდე ავღანელი.