თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან საქართველომ საფრანგეთის ე.წ. წითელ სიაში გადაინაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საფრანგეთმა საქართველო იმ ქვეყნების „წითელ სიაში" შეიყვანა, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. საფრანგეთს ამ ეტაპზე აღნიშნულ სიაში შეყვანილი ჰყავს ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ინდონეზია, ირანი, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი.
საელჩომ საფრანგეთის მთავრობის მიერ კოვიდ-ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის დაწესებული ქვეყანაში შესვლის პირობებიც გამოაქვეყნა. კერძოდ:
– „წითელი ზონის“ ქეყნებიდან ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;
– საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით); ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს შვიდი დღე მაინც;
– დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson).
– ამასთან, ვაქცინირებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ-ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
„წითელი ზონიდან“ არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამგზავრება დაშვებულია მხოლოდ გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და 10-დღიანი კარანტინის პირობით.
გამონაკლისი შემთხვევებით შეუძლიათ ისარგებლონ საფრანგეთის მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფმა პირებმა, ასევე პირებმა, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირისწევრი სახელმწიფოსმოქმედ ბინადრობისნებართვას ან გრძელვადიანვიზას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრანგეთი დატოვეს 2021 წლის 31 იანვრამდეან მათი გამგზავრებაგამოწვეულიიყო გადაუდებელისაჭიროებიდან. გამოკალისი შემთხვევებით შეუძლიათ ისარგებლონ ასევე სატრანსპორტო სფეროში, დიპწარმომადგენლობებში, საკონსულო სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა, რომელთა სათავო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში.
უწყების ცნობით, „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან საფრანგეთში შესული პირი ექვემდებარება 10-დღიან სავალდებულო კარანტინს. კარანტინის გავლა მოხდება წინასწარ, მოქალაქის მიერ დაჯავშნილ ადგილზე ან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ სასტუმროში – კარანტინის ხარჯებს დაფარავს თავად მოქალაქე.
საზღვარზე ასევე სავალდებულოა საფრანგეთში საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის საკარანტინო პირობებთან შესაბამისობას საზღვრის კვეთისას შეამოწმებს სპეციალური სამსახური და პირს ეცნობება გადაწყვეტილება კარანტინის აღნიშნულ მისამართზე გავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.