პროტესტი გრძელდება: სასტუმროს მეპატრონეები ქობულეთში აქციას მართავენ

საპროტესტო აქციის დროს ხმაური იყო ქობულეთის მერიასთან. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელების საპროტესტო აქცია გრძელდება, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
სასტუმროს მფლობელებმა საპროტესტო აქცია 24 აგვისტოსაც გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ტურისტული სეზონის წინ აღებული კრედიტების სუბსიდირებაში დახმარებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გასული წლის მსგავსად ტურისტული სეზონი წელსაც ვერ შედგა, რის გამოც ბანკის სესხების გადახდას ვერ ახერხებენ.
სასტუმროების მფლობელები მთავრობას მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამდე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.
სასტუმროს მეპატრონეები ქობულეთში საპროტესტო აქციას მართავენ
აქციის მონაწილეები ქობულეთის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ ისინი მერიის შენობაში შევიდნენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ნაწილს შენობის მეორე სართული დაატოვებინეს და ცენტრალური კიბე გადაკეტეს.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ქობულეთის მერიის შენობის წინ კარვების დადგმას გეგმავენ.
„დღევანდელ აქციას ურეკიდანაც შემოუერთდებიან საოჯახო სასტუმროების მფლობელები, რომლებიც პანდემიის გამო ანალოგიურად დაზარალდნენ. ასევე ბობოყვათის მკვიდრები, რომლებსაც მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ხელისუფლება უნდა დაეხმაროს კერძო სასტუმროების მფლობელებს და უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი“, – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც აქციის მონაწილეთა უფლებებს იცავს.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობა უკვე მუშაობს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.