თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 13 ორსული გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამყრელიძის განმარტებით, ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ორსულების ვაქცინაციაა.
„სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, პროცესში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. შექმნილი რთული ვითარების პრევენცია არის ის, რომ ორსულები უნდა აიცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს თბილისში ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ახალშობილის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 473.502 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.585), გარდაიცვალა – 7.102 (ბოლო 24 საათში – 73).