COVID-19 - ბოლო ცნობები

კალაძე: ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები მაქსიმალურად კომფორტულია

ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დედაქალაქში სულ ათი სპეციალური ავტობუსი განთავსდება. თითოეული ავტობუსი დღეში დაახლოებით 100-150 მოქალაქეს მოემსახურება.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ავტობუსები, რომლებიც ვაქცინაციისთვის განთავსდა, მაქსიმალურად კომფორტულია და ყველა საჭირო ინვენტარით მოწყობილი, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კალაძემ დღეს დედაქალაქში ვაქცინაციისთვის მოწყობილი სპეციალური ავტობუსები დაათვალიერა. მან აღნიშნა, რომ ავტობუსებში მსგავსი პუნქტების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რისთვისაც მადლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს გადაუხადა.

„დღეს ამ ომში ყველაზე მთავარია ვაქცინაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, აიცრან. ავტობუსები მაქსიმალურად კომფორტულია. კონდიცირება, სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერები, ყველანაირად არის კეთილმოწყობილი, ადაპტირებული“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დედაქალაქის მერია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. მან ასევე მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დედაქალაქში უკვე სამი სპეციალური ავტობუსი გაჩნდა, სადაც ვაქცინაციის პუნქტებია მოწყობილი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს სივრცეები თავდაპირველად დედაქალაქის იმ რაიონებში მოეწყო, სადაც ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა შედარებით დაბალია. ამ ეტაპზე სპეციალური ავტობუსები ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედნის ტერიტორიაზეა განთავსებული. თბილისში სულ დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებში ჩატარდება
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.