თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ბაგა–ბაღებში თუ სააღმზრდელო პროცესი ვერ გაგრძელდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღსაზრდელები საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოთ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბავშვთა ბაღების თანამშრომელთა ვაქცინაცია. რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის განახლებას, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„ჩვენს 5 ათასამდე აცრილ თანამშრომელში ბაღების თანამშრომლებიც შედიან და ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. შევხედავთ, როგორი მდგომარეობა გვექნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებთ“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ პატარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები შინ წაიღონ, როგორც ეს წინა სააღმზრდელო წელსაც ხდებოდა.
როგორც წესი, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საქართველოში 15 სექტემბრისთვის უნდა დაიწყოს, თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, პროცესი კვლავ არ განახლდეს.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 4.031 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობამ 536 ათასს გადააჭარბა.