თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისში ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტრაგიკულად დასრულდა კოვიდინფიცირების შემთხვევა გუშინ ქუთაისის კლინიკა „ბომონდშიც“, სადაც 26 წლის ინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ახალშობილის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ისინი მოუწოდებენ ორსულებს, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და დაიცვან რეგულაციები.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 473.502 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.585), გარდაიცვალა – 7.102 (ბოლო 24 საათში – 73).