თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 55 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ასევე ქართველმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
შემთხვევა დღეს, დილით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
საბერძნეთში 55 წლის ქალი თავისივე საცხოვრებელ ბინაში ასევე ქართველმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, დანით 24 აგვისტოს მოკლა. მსხვერპლს ასევე აღენიშნებოდა მკვრივი საგნით მიყენებული არაერთი დარტყმის კვალი.
პოლიციას, რომელიც მეზობლებმა გამოიძახეს, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მეზობლების თქმით, ქალის ბინიდან ხშირად ისმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა, რადგან მამაკაცს, რომელიც ქალთან ერთად ცხოვრობდა, ალკოჰოლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
მამაკაცი საბერძნეთის პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა.