თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება, თუმცა მალევე, არჩევნების წინ პარლამენტი კვლავ არდადეგებს გამოაცხადებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება და პარლამენტის დეპუტატები აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მუშაობას ვერ შეძლებენ.
წინასწარი ინფორმაციით, პირველ ორ სხდომაზე, 7 და 8 სექტემბერს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციაში შესატან შესწორებებს განიხილავს.
შესწორებების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 5%-დან 2%-მდე შემცირდება, ხოლო ფრაქციის შექმნას, შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შეძლებს.
შესწორებების განხილვაში საპარლამენტო ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას და ის მზადაა ამას მხარი დაუჭიროს. თუმცა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – დაუჭერს თუ არა მხარს ამ შესწორებებს თავად მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
შესწორებები აპრილში ოპოზიციასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იყო ინიცირებული; თუმცა ივლისის დასაწყისში „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გამოვიდა და ის გაუქმებულად გამოაცხადა.