COVID-19 - ბოლო ცნობები

სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა

ამ დროისთვის საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სექტემბრიდან გერმანიის მთავრობა საქართველოს დახმარების სახით გადმოსცემს Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 50 000 დოზას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში.
ვაქცინაციის ტემპი მატულობს – როგორია ეპიდვითარება საქართველოში
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, Johnson & Johnson-ის ვაქცინა ერთჯერადად კეთდება, განსხვავებით ყველა სხვა ვაქცინისგან, რომელიც დღეს გამოიყენება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე ბუსტერ დოზაზეც ისაუბრა.

„ბუსტერი აქტიურად განიხილება ბევრ ქვეყანაში. როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან, ისე ჩემი პირადი მოსაზრებით, საჭირო გახდება, ისევე, როგორც გრიპის დროს ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებთ ვაქცინას, ბუსტერიც იქნება ყოველწლიური. აქაც საჭირო გახდება, რადგან ესეც რესპირაციული ვირუსია... მაგრამ დღეს – არა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Johnson&Johnson ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული ერთკომპონენტიანი ვაქცინაა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცდების ჩატარების დროს Johnson & Johnson-ის ვაქცინამ სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამების მიმართ 64–87%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
იგეგმება თუ არა საქართველოში მესამე დოზით ვაქცინაცია: ჩხაიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 25 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.038.292 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 318.912 ადამიანი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.