თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ახალი ტექნოლოგია TV Block, რომლის მეშვეობითაც შეუძლია მოპარული მოწყობილობა დაბლოკოს, იუწყება კომპანია საკუთარ Twitter-აკაუნტზე.
კორპორაციაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ფუნქცია უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ამასთან შეამცირებს ტელევიზორების ქურდობის ფაქტებს. ტელევიზორების გამოყენებას მხოლოდ კანონიერი მფლობელები შეძლებენ, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტი გადაეცემათ მისი შეძენის დროს.
როგორც კომპანიაში განმარტეს, TV Block-ის მუშაობის პრინციპი ასეთია: ტელევიზორის ინტერნეტში ჩართვის შემდეგ სპეციალური ალგორითმი შეამოწმებს მოწყობილობის სერიულ ნომერს მოპარული ან არალეგალურად გაყიდული პროდუქციის სიაში. თუ ნომერი დაემთხვა, პროგრამა ავტომატურად გამორთავს ტელევიზორის ყველა ფუნქციას.
მწარმოებლების თქმით, ახალი პროგრამა ბრენდის ყველა ტელევიზორზე გააქტიურდება და ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, მაგალითად, მასობრივი არეულობების დროს — ადამიანები ვეღარ შეძლებენ Samsung-ის ტელევიზორების მოპარვას, ეს უბრალოდ აზრს დაკარგავს.
აღინიშნება, რომ გასულ წელს TV Block წარმატებით გამოიცადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მას შემდეგ, რაც იქ მაღაზიებიდან სერიულად გაიტაცეს ტელევიზორები.