თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა უახლოეს პერიოდში დაიწყება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვების აცრა ქვეყანაში პანდემიის დროულად დასრულებას შეუწყობს ხელს.
„იმსჯელებს ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება 2-3 კვირაში იქნება მიღებული. მთელი რიგი ევროპის ქვეყნები აკეთებენ ამას და გავითვალისწინებთ მათ გამოცდილებას, ბუნებრივია, მშობლის გადაწყვეტილებით და სურვილით“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე ასევე ორჯერადად ვაქცინირებული პირის გარდაცვალების შემთხვევასაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში 23 აგვისტოს დაფიქსირდა.
„ძალიან მცირე პროცენტია ორი დოზით აცრილების ინფიცირებული. გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, ამასაც ღრმა კვლევა სჭირდება, მეორე დოზიდან ორი კვირა უნდა იყოს გასული, რომ დადგეს შედეგი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 25 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.038.292 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 318.912 ადამიანი.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.