თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილს ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ.
ნინო თიბილაშვილი ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ფინალურ ეტაპზე ჩინეთის წარმომადგენელ ბიან ძინთან დამარცხდა (7:15) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
„გილოცავთ! ნინა თიბილაშვილმა პირველი პარალიმპიური მედალი მოუპოვა საქართველოს. ვულოცავ ნინას და მის ყველა გულშემატკივარს”, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.
პრემიერთან ერთად თიბილაშვილს წარმატება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. მან ქართველ პარამოფარიკავეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა შესანიშნავი ასპარეზობისთვის. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე პირველ ვერცხლის მედალს გილოცავთ“, – წერს კახა კუჭავა.
ხმლით მოფარიკავე პარასპორტსმენს ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა წარმატება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. პარამოფარიკავეებმა ასპარეზობა დაასრულეს. ქართველი პარასპორტსმენები ასევე იასპარეზებენ პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლაში და პარამძლეოსნობაში.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ტარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი იღებს.