თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება ქართული მასმედია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის ორ სოფელში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გუშინ ჩაატარეს. სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია ხუთი პირი.
კერძოდ, დუისში მცხოვრები უსუფ ცათიაშვილს ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაერთიანების და დახმარების ბრალდებით წაუყენეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დანარჩენ ოთხ პირს კი ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის წარედგინა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, ბრალდებულები მათ მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
გამოძიების ვერსიით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდა.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებულებმა, ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.
დაკავებულთა ოჯახების წევრები მათ კავშირს ტერორიზმთან გამორიცხავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან.