თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ფინალში გავიდა.
თიბილაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი ევგენია ბრეუსი ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ახლა ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მანამდე ქართველმა პარამოფარიკავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე მან იტალიელი ლორედანა ტრიგილია დაამარცხა ანგარიშით 15:9, მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩის ბარიერი დაძლია (15:13). ფინალში თიბილაშვილის მეტოქე ჩინელი ძინ ბიანი იქნება.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ პარასპორტსმენს ირმა ხეცურიანს, ის ნახევარფინალურ ეტაპზე ჩინელ შუმაი ტანისთან დამარცხდა (8:15) და ასპარეზობას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. მისი მომდევნო მეტოქე ჩინეთის წარმომადგენელი რონ ქსიაო იქნება.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლაში და პარამძლეოსნობაში.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ტარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი იღებს.