ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში: რას ელიან სომხეთში ამ ვიზიტისგან

სომხეთის მთავრობის მეთაური ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 8 სექტემბერს ეწვევა. იგი თბილისში ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხების განხილვას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სტუმრობა საქართველოში მთავრობის მეთაურად მისი ხელახლა არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება, წერს „Sputnik-სომხეთი“.
ვიზიტისა და თარიღის შესახებ ინფორმაცია თავად ფაშინიანმა გაავრცელა სამშაბათს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.
როგორც „Sputnik-სომხეთი“ წერს, ვიზიტი მოსალოდნელია და ესადაგება მეგობარ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ლოგიკას. ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში სომხეთს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა. ამიტომ რიგგარეშე არჩევნების შემდეგ სომხეთის პრემიერის საპასუხო ვიზიტი ჩვეულებრივი მოვლენაა.
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
გარდა ამისა, ერევანსა და თბილისს შორის დაგროვდა მრავალი საკითხი, რომელთა განხილვაც საჭიროა, პოზიციები კი შესაჯერებელი. ყარაბაღის ომის შემდეგ და სომხეთის საზღვარზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რეალობები რეგიონში შეიცვალა. ორივე ქვეყანაში კარგად ესმით კონტაქტების განახლებისა და სხვადასხვა საკითხზე პოზიციების დაზუსტების აუცილებლობა.
სომხეთის დელეგაციის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, იქნებიან ეკონომიკის მინისტრი ვაან კერობიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ტერიტორიული მართვის მინისტრი გნელ სანოსიანი. მხარეები განიხილავენ ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ლოგისტიკის საკითხებს, ასევე რეგიონში გზების გახსნისა და ამის თანმდევი შედეგების საკითხს. აუცილებელ თემებს შორის ასევე არის ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ერევანმა გამოაქვეყნა ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია თბილისთან ურთიერთობაც. კერძოდ, სომხეთი აპირებს საქართველოსთან განსაკუთრებული და კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებას. მეზობელ ქვეყანასთან საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესებას კი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მხარეები გეგმავენ თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკომუნიკაციო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ტურისტულ სფეროებში.
გარდა ამისა, ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხი, რაც რეგიონში სტაბილური ატმოსფეროს ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ფაშინიანს თბილისში ლამაზად დახვდნენ – ცერემონია ვიდეოზე აღბეჭდეს
2019 წლის მარტში დემარკაციის აუცილებლობაზე ერევანში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. მხარეებს განსახილველი ბევრი რამ აქვთ. თუმცა განსაკუთრებული როლი ამ საკითხში ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ უწყებებს ეკისრებათ. სწორედ დიპლომატიის დახმარებით და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე დაყრდნობით შეიძლება ორივე ერისთვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტა.
ფაშინიანმა ვიზიტზე საუბრისას ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესებულია სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობით, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში.
ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება ორი ქვეყნის ლიდერების ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა. საქართველო დაინტერესებულია საქონელბრუნვის გაზრდით, სომხეთთან ვაჭრობის გააქტიურებით. ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ერევანში თავის სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ამბიციური ინიციატივა — სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის წინადადება წამოაყენა. სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 129,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 12%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე — 150 მილიონ დოლარზე.
მეორე მხრივ, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება რეგიონში სატრანსპორტო კავშირის გახსნა და ამ ფონზე პროექტის „სპარსეთის ყურე — შავი ზღვა“ გაზრდილი როლი. გარდა ამისა, ყურადღების ცენტრში მოექცევა ენერგეტიკა, პანდემიასთან ბრძოლა.

რა რჩება კადრს მიღმა და რამდენი ვიზიტი შედგა

სახელმწიფო მოღვაწეთა ვიზიტები ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობა მათი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არ განიხილება როგორც „სტრატეგიული“, იგი სავსებით შეესატყვისება ამ სულისკვეთებას.
ფაშინიანი სტუმრად საქართველოში
ერევანმა უკვე ორჯერ შესთავაზა თბილისს თანამშრომლობის გაღრმავება და მისი აყვანა სტრატეგიულ დონემდე. ჯერ კიდევ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ფაშინიანს შორის დაწესდა არაფორმალური შეხვედრების ფორმატი, რომელიც პრაქტიკულად პირველი ნაბიჯი იყო ამ გზაზე.
როგორ ჩანს, პირისპირ შეხვედრის ფორმატში ორი ქვეყნის პრემიერები ამ საკითხსაც წამოჭრიან. ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მზადყოფნაზე ქართველ პრემიერებსაც არაერთხელ უსაუბრიათ. გარდა ამისა, ლიდერები უნდა შეთანხმდნენ მეზობელ ქვეყნებში ახალი ელჩების კანდიდატებზე. აღსანიშნავია, რომ ორივე ელჩს — საქართველოს ელჩს სომხეთში გიორგი საგანელიძესა და სომხეთის ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს — დიპლომატიური მისიის ვადა ეწურებათ.
„ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ფაშინიანის ეს ვიზიტი პრემიერის რანგში მესამე ოფიციალური სტუმრობა იქნება. ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წელს შედგა. იმავე წლის სექტემბერში ერევანს ესტუმრა საქართველოს დელეგაცია პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. 2019 წლის ოქტომბერში სომხეთს ეწვია დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.
2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე, მეზობელ ქვეყანაში ვიზიტით გაემგზავრა ფაშინიანი. 2021 წლის მაისში კი სომხეთს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა.