თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ვაქცინირებული გიდები სხვადასხვა ობიექტზე უფასოდ შევლენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, სწორედ გიდები დგანან ტურიზმის წინა ხაზზე და მათი წახალისება მნიშვნელოვანია.
„ყველა გიდი, რომელიც ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, როგორიც არის მუზეუმები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები და დაცული ტერიტორიები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელიც უწყებაში ტურიზმის სფეროზეა პასუხისმგებელი.
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო.
1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.