რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

სამინისტროს ინფორმაციით, წელს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 100%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა. მათ მომდევნო ეტაპზე კონკურსის გავლა მოუწევთ, რათა თანამედროვე სტანდარტების სასწავლებლებში შრომის ბაზარზე პოპულარულ პროფესიებს დაეუფლონ.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და შეიქმნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.
საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთათვის უნარების სააგენტოს დაარსება იგეგმება
2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 100-ზე მეტი დასახელების პროგრამებზე მიიღებენ.
სამინისტროს განცხადებით, შემუშავებულია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო სასწავლო დაწესებულებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მაღალი აქტივობა შეინიშნება რეგიონებში. 2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დამსაქმებლებთან ერთად თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.