ჩატარდება თუ არა არჩევნები – რა გეგმა აქვს მთავრობას

მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები იყოფა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების პროცესმა შესაძლოა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს გარკვეულ პროტოკოლებზე, რომლის მიხედვითაც გაიმართება 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების პროცესი.
„მიმდინარეობს მუშაობა დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზეც და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე დაგეგმილი, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გაუარესებული ეპიდვითარების გამო არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს პროცესის ამ ვითარებაში წარმართვა.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს, რადგან ადამიანების სიცოცხლე ყველა პოლიტიკურ პროცესზე წინ დგას.
სახალხო დამცველს პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება
„ფაქტია – პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის და თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, ვერანაირად წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, ქვეყანაში უკვე საველე ჰოსპიტლები გაიხსნა.