ცნობილი მუსიკოსის და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მაქსიმე ჩარკვიანი იუბილარია. მისმა ბაბუამ, დიპლომატმა და მწერალმა გელა ჩარკვიანმა შვილიშვილს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაბადების დღე მიულოცა და წიგნიდან „ნაგერალა“ შვილიშვილის შესახებ დაწერილი ამონარიდი გამოაქვეყნა.
გელა ჩარკვიანი იხსენებს, რომ როცა 1986 წლის აგვისტოში მოსკოვში გაჩნდა მისი პირველი შვილიშვილი, მისმა რუსმა ბაბუამ ვიქტორმა დაურეკა და უთხრა, ახლა ასეთი სიტუაციაა – ბიჭს მამა ქართველი ჰყავს, დედა – რუსი, გვარი ქართული აქვს, ჩარკვიანია და იქნებ სახელი მაინც დავარქვათ რუსულიო და არჩევანი სახელ მაქსიმეზე შეაჩერეს.
საზოგადოებამ მაქსიმე ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.
„მეფე“ ირაკლი ჩარკვიანის უფროსი ვაჟი მაქსიმე ჩარკვიანი საქართველოში არ ცხოვრობს, თუმცა ქართველ გოგონებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 35 წლის მაქსიმე თბილისში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას.
როგორც ინტერვიუებში ამბობს, მოსკოვში ცხოვრობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლიპებსა და რეკლამებზე მუშაობს. თბილისში წელიწადში ერთხელ ჩამოდის, ზოგჯერ უფრო ხშირად, გააჩნია, თავისუფალი დრო როგორ აქვს.