თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის გამო ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა და სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდის ფონზე საქართველოს პოლიტიკური ძალები არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაზე უნდა დაფიქრდნენ, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გასულ დღე-ღამეში საქართველოში 60 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე – 6.831. სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღის გადატანას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციამდე.
„დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ? – რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული. ან რატომ არავინ არ მსჯელობს? მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც – რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება? რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ეს, რაც დღეს ხდება?! ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე საგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება? ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
მისი აზრით, საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები გაიხსნა.