თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. მიმდინარე წლის 10-23 აგვისტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის გამო დაჯარიმდა 42 ობიექტი, მათ შორის 21 იურიდიული და 16 ფიზიკური პირი, დაილუქა 21 ობიექტი, ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
21-23 აგვისტოს პერიოდში დაჯარიმდა 3 ფიზიკური პირი და დაილუქა 3 ობიექტი.
უწყების ინფორმაციით, 10 აგვისტოდან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5.469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, გაიცა 4.371 წერილობითი და 1.098 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.
„გრძელდება პროცესი საქმიანობის აღდგენის მიმართულებით. როგორც იცით, სპეციალური პლატფორმაა შექმნილი, სადაც გარკვეული ბიზნესსუბიექტები მუშაობის ნებართვას იღებენ შრომის ინსპექციიდან, თუ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ მიმართულებით, 15-მა ობიექტმა მიიღო ნებართვა ამ პერიოდში“, - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.
მისი თქმით, კვლავ მიმდინარეობს ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები.
„ჩვენ წინა პერიოდიდან გვაქვს გამოცდილება, როდესაც ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები მიმდინარეობს. ექვსი ადამიანია მაგიდასთან, თითქოს ეს არის არა ერთი სოციალური ღონისძიება, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი", - განაცხადა ფერაძემ.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განმარტებით, კვების ობიექტში მაქსიმუმ 60 ადამიანი უნდა იყოს განთავსებული, (ერთ კვადრატულ მეტრზე 4 პირი), კვლავ იკრძალება სოციალური ღონისძიებები ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება.
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე (დღემდე კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ).
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.