SARS-CoV-2-ის წარმოშობა: მზადაა აშშ-ის დაზვერვის ახალი ანგარიში

თეთრი სახლის პრეს-მდივნის თქმით, დაზვერვის ანგარიში პრეზიდენტს დღეს გადაეცემა, ხოლო საჯარო ვერსია ფართო საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარედგინება.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო − Sputnik. აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ SARS-CoV-2-ის წარმოშობის დასადგენად ჩატარებული გამოძიების ანგარიში 24 აგვისტოს იქნება მზად და დღესვე გადაეცემა გასაცნობად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
COVID-19-ის წარმოშობა: ჩინეთი ჯანმოს გამოძიების გეგმას არ ეთანხმება
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშის საჯარო ვერსიას საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ტელეარხმა CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულ დაზვერვას, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის დადგენაზე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, არ აქვს ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, ლაბორატორიაშია შემუშავებული ვირუსი თუ ბუნებრივი გზითაა ფორმირებული. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ახალ ანგარიშში „არაფერია განსაკუთრებული“.
თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება>>
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ დაიწყო ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება – ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის გზით თუ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად. ამერიკის ლიდერმა დაავალა სპეცსამსახურებს, შეესწავლათ ყველა არსებული მონაცემი და ახალი ანგარიში წარმოედგინათ 90 დღის შემდეგ.