თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქის გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევა არის სიკვდილიანობის 0,001%. გავრცელებული ინფორმაციით, ორჯერ ვაქცინირებული მამაკაცი კლინიკა „გორმედში" გარდაიცვალა.
„რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ამ პაციენტში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომლებიც მისი ქრონიკული დაავადებებით იყო გამოწვეული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ძირითად შემთხვევებში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979.813 აცრა ჩატარდა, მათგან სრულად ვაქცინირებულია 294.365 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10,3%-ს შეადგენს. რაც შეეხება სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულებს, მათი რაოდენობა მოზრდილი მოსახლეობის 24%-ია. ბოლო 24 საათში აიცრა 17.670 პირი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.