თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ორშაბათს ამოქმედდა თვის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს შორის 650 მილიარდი დოლარის – სესხის სპეციალური უფლების (SDR) – გადანაწილების შესახებ, აღნიშნულია სსფ-ის პრეს-რელიზში.
„ესაა ისტორიული გადაწყვეტილება – SDR-ის ყველაზე მსხვილი გადანაწილება სსფ-ის ისტორიაში და სტიმული მსოფლიო ეკონომიკისთვის უპრეცედენტო კრიზისის დროს. SDR-ის გადანაწილება ემსახურება ყველა წევრი სახელმწიფოს კეთილდღეობას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ჩვენს ყველაზე მოწყვლად წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება“, – განაცხადა სსფ-ის განმკარგავმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
ამჟამად მიმოქცევაშია 204 მილიარდი SDR, რაც 290 მილიარდ დოლარს უდრის. SDR-ის საერთო ოდენობა კი 660 მილიარდ SDR-ს აღწევს. ბოლოს სსფ-მ SDR 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ გამოუშვა.
SDR-ის გადანაწილებაში ქვეყნების წილი შეესაბამება მათ კვოტებს სსფ-ში – წილებს ფონდის კაპიტალში. მაგალითად, აშშ-ის წილი 17,4%-ია, რუსეთისა – 2,71%. წილის მიხედვით თანხა გამოითვლება ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მშპ-ს, საგადახდო ბალანსსა და საერთაშორისო რეზერვებს.
სსფ-ის ფარგლებს გარეთ SDR-ით სარგებლობისთვის საჭიროა მათი კონვერტაცია. ქვეყნებს შეუძლიათ SDR-ის შეძენა და გაყიდვა, გაცვლა, უსასყიდლოდ გაცემა.
როგორ შეუძლია რუსეთს თავისი წილის გამოყენება
გამოყოფილი თანხიდან 275 მილიარდი ერგოთ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის, 25 მილიარდი – დსთ-ის წევრებსა და საქართველოს. რუსეთმა მიიღო დაახლოებით 17,5 მილიარდი დოლარი.
„რენესანს კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის სოფია დონეცის თქმით, არსებობს სესხის სპეციალური უფლების ფულად ქცევის რამდენიმე მეთოდი: მყარ ვალუტაზე გადაცვლა სხვა სახელმწიფოსთან ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ან სსფ-ის პირობების შესრულება და სავალუტო დაფინანსების მიღება ფონდის საკრედიტო პროგრამის მიხედვით.
ექსპერტის აზრით, რუსეთს SDR-ის გამოყენების სამი ვარიანტი აქვს. საბაზო სცენარია აღნიშნული სახსრებით საერთაშორისო რეზერვის შევსება. ალტერნატიული – მონაწილეობის მიღება სსფ-ის ინიციატივაში და SDR-ის გადაცემა ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების სახით.
„რუსეთს დამატებითი რეზერვები ობიექტურად არ სჭირდება, ღარიბი ქვეყნების დახმარების მრავალმხრივ პროგრამაში მონაწილეობა კი შეიძლება ხელსაყრელი იყოს საერთაშორისო თვალსაზრისით“, – განმარტა დონეცმა.
მესამე სცენარია – ბელარუსის დახმარება: მოსკოვს შეუძლია მინსკს SDR-ის სანაცვლოდ მყარი ვალუტა გამოუყოს.