თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „დიდი შვიდიანის“ სასწრაფოდ მომზადებულ შეხვედრაზე შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ გაახანგრძლივის ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანის ვადა, რათა ევაკუაცია 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდეს, წერს გაზეთი Telegraph-ი.
მანამდე ჯონსონმა განაცხადა, რომ სამშაბათს G7-ის ქვეყნების ლიდერთა საგანგებო შეხვედრას მოიწვევს ვირტუალურ ფორმატში, რომელზეც ავღანეთის საკითხები იქნება განხილული. ჯო ბაიდენი დათანხმდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ უკვე განიხილავს სამხედროებთან ევაკუაციის ვადის გადაწევის შესაძლებლობას. თუმცა პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ გადავადება საჭირო არ გახდება.
გაზეთის ინფორმაციით, ჯონსონმა მას შემდეგ გადაწყვიტა პირადად ეთხოვა ბაიდენისთვის აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის გადავადება, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა და თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამერიკელ კოლეგებთან ამ მიმართულებით შეთანხმება ვერ მოახერხეს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ ბაიდენი ჯონსონის წინადადებას არ დათანხმდება, ბრიტანული ძალების ქაბულიდან გაყვანა რამდენიმე დღეში მოხდება, რაც აეროპორტს კიდევ მეტად გადატვირთავს.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს „თალიბანი“ აკონტროლებს. უცხოელებისა და იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც საზღვარგარეთულ მისიებთან თანამშრომლობდნენ, ქაბულის აეროპორტიდან ხდება. აეროპორტს ამერიკელი და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები აკონტროლებენ.