თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სამედიცინო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი ცუდი და მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს კორანავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ ჰქონია.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.
როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა, რაც განაპირობებს კიდეც სტაციონარებში მიმართვიანობის მაღალ მაჩვენებელს.
„დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა. თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში, სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას მასობრივ ვაქცინაციაში ხედავს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. ის მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა ჩვეული ცხოვრების რეჟიმს უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს.
„ვაქცინაცია არის პირდაპირი და ერთადერთი გზა პანდემიის დასაძლევად. თუ აცრის მოწინააღმდეგეები პოზიციას არ შეიცვლიან, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში კვლავ შენარჩუნდება. ისინი არა ანტივაქსერები, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები არიან და შეგნებულად, გამიზნულად ცდილობენ ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა შექმნან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. ამ დროისათვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 10.3%.