საგანგაშო სტატისტიკა: საქართველო ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის რიცხვით პირველ სამეულშია

გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 70-კაციან ნიშნულს. ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა აემოქმედებინა საველე ჰოსპიტლები, რადგან კლინიკებში ადგილები აღარაა
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო - sputnik. ბოლო 2 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ სამეულშია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია მოთავსებული
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
„საკმაოდ წითელ ზონაში ვართ და საკმაოდ მაღლა ვართ. საერთო მონაცემებს თუ ავიღებთ, რამდენია ინფიცირებული 100 ათას მოსახლეზე, 1 მლნ მოსახლეზე, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, პირველ ოცეულში ვართ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.803-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 514 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.771-ს მიაღწია.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით >>
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 10%.