თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოში პოლონეთის წამყვანი მედია-საშუალებების 11 წარმომადგენლისათვის პრეს-ტური ტარდება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეს-ტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით ტარდება.
„ჩვენ ჩამოვიყვანეთ ძალიან ცნობილი ჟურნალისტები, ტელეწამყვანები, მათ შორის როგორიც არის National Geographic. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, სტუმარმასპინძლობის წინ წამოწევას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
უწყების ინფორმაციით, პრეს-ტურის ფარგლებში პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი და ქუთაისი დაათვალიერეს, მოინახულეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი. ასევე, ტურის ფარგლებში გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდნენ და გაეცნენ ქართული ღვინის მომზადების ტრადიციებს, დაათვალიერეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი.
„ტურის განმავლობაში პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ათობით სიუჟეტს, სტატიასა და ბლოგს მოამზადებენ, რომელსაც პოლონეთში მილიონობით ადამიანი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტულ რეკლამირებას პოლონეთში და მოგზაურთა დაინტერესებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ხუთდღიან ტურში მონაწილეობენ ჟურნალისტები და ოპერატორები შემდეგი გამოცემებიდან: National Geographic traveler, Wirtualna Polska, Onet, Poland Daily and Republika, fly4free, Kaleidoscope Magazine, ElleMan, kobieta.pl და Rzeczpospolita.
აღნიშნულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავთ, აცხადებენ უწყებაში.