თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება, წაეღო ჩემი სიცოცხლე, ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს, განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილმა) ვაქცინაციაზე საუბრისას.
მეუფე გრიგოლის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის მისამართით უარყოფით კონტექსტში კეთდება აქცენტი და ეს ბოლომდე უსაფუძვლოც არ არის, თუმცა თავად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობაც დიდ დაბნეულობას იწვევს.
„სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში აზრთასხვაობა, ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, ამას სერიოზულად არ შევხედავდი“, - განაცხადა მეუფემ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მეტი განმარტება და არგუმენტია საჭირო.
„ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი – აუცრელობაში. თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა. ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტებაა საჭირო, მეტი არგუმენტი, მეტი დამაჯერებლობა“, - განაცხადა მეუფემ.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრევე გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.
ამასთან ერთად, ბევრი სასულიერო პირი, მათ შორის ეპისკოპოსები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.