2024 წლამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის 8 ათასამდე ბინა აშენდება

ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში 8 ათასამდე ბინის აშენებას გეგმავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის და ამისათვის 709,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს მონაცემებით, ბინები აშენდება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში.
დევნილი ოჯახები ახალ ბინებს საქართველოს სამ ქალაქში მიიღებენ
მშენებლობის დეტალები განიხილებოდა სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც სამინისტროს გეგმების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.
ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა. თბილისში ცხოვრობს 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი.
ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.
ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.
თავად ბინები ბარდება სრული რემონტით, მათ შორის დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით სამზარეულოსა და სააბაზანოში, გაყვანილი ელექტროობით, კაფელით მოპირკეთებული სააბაზანოთი, იატაკზე დაგებული ლამინატით და ოთახებში შიდა კარებით.