თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.
ზვიადაური კახეთში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი ბრალდებულია და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში ელოდება.
გუშინ ადვოკატები ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს შეხვდნენ.
ადვოკატების ინფორმაციით, ინციდენტისას ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
„ზვიადაურმა მიუსამძიმრა გარდაცვლილი კენჭოშვილის ოჯახს და თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი და გაუბედურება არ უნდოდა. გულწრფელად განიცდის მომხდარს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ამ უკანასკნელის სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით დგინდება, რომ დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც ნიკოლოზ კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა.
სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც სხვა პირის მიერ იარაღის გამოყენების წინაპირობა შექმნა და რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ჯანგირაშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.